თეგი: ბუნებრივი აირი

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი: დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ

Europetime-ის ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუსთან. იულიან კიფუ 2011-2014 წლებში იყო რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საკითხებში. ასრულებდა რუმინეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობას საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. იულიან კიფუ არის ენერგორესურსების უსაფრთხოების ცენტრის გამგეობის წევრი - EUCERS ლონდონის კინგს კოლეჯში; 30-ზე მეტი წიგნის ავტორი და თანაავტორია კონფლიქტების, კრიზისების, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. ET: შავი ზღვა დამაკავშირებელია რუმინეთსა და საქართველოს შორის და ეს კავშირი არის ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. არაერთხელ ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული. მაგალითად, რას იტყვით „აგრის“ (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების) პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, და შავი ზღვით რუმინეთში შეტანას? იულიან კიფუ: ჩვენ მას შავი ზღვა კასპიის ზღვის დერეფანს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცას პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა... ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ აქვთ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ.  ET: რუმინეთი უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რას ფიქრობთ ქვეყნის პერსპექტივაზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ არსებულ კონტექსტს. ვგულისხმობ როგორც შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ისე საგარეო ველს, უკრაინის კრიზისს და ასე შემდეგ. იულიან კიფუ: რაც მთავარია, საქართველო ყველაფერს აკეთებს NATO-სთან დასაახლოებლად და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც საბოლოოდ გაიღება ალიანსის კარი, იქ შესასვლელად მზადყოფნა აუცილებელია. მოგეხსენებათ, გარკვეულწილად, შესაძლებლობები დაკავშირებულია კრიზისებთანაც და თუ მზად ხართ, ჩნდება შესაძლებლობების მომენტები, რომლებზეც შეგიძლიათ, ფსონი დადოთ. გარდა ამისა, ნაბიჯ-ნაბიჯ, NATO-ში თქვენი მომავალი გაწევრიანების პროცესის შენება, უსაფრთხოების განმტკიცება და რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია. ET: ევროპაში კვლავ ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვას დასავლეთსა და რუსეთს შორის, თქვენი აზრით, რა გადაწყვეტა მოჰყვება? იულიან კიფუ: ვარაუდების გამოთქმა გამიჭირდება. მოდით ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც იქნება სიტუაციის დამაბალანსებელი და უპირველეს ყოვლისა, ყველაზე დიპლომატიური გზები, რომ ომი ავიცილოთ თავიდან. მეორე მხრივ, შეუძლებელია, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ომზე ვსაუბრობდეთ. დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ, რომელიც ამ ქვეყნებს საერთაშორისო არენაზე უპირატესობის მოსაპოვებლად ემუქრება. აქედან გამომდინარე, საჭიროა საბოლოო გადაწყვეტა/შეთანხმება, რათა მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდეს. გეთანხებით, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს ჩვენ ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე ისევ გვიწევს საუბარი. ეს მიუღებელია. მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელი გავიდა და მიუღებელია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ ცდილობდეს, ჰქონდეს გავლენის სფეროები; გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა გადაჭრას თავისი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები და ცალმხრივად იმოქმედოს სხვა სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებით. ET: და ამ სუვერენული სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, აირჩიონ საკუთარი ალიანსები და გაწევრიანდნენ NATO-ში, ამ პროცესის დაჩქარება ზუსტად ახლა ხომ არ იქნებოდა მესიჯი და პასუხიც რუსეთისთვის. მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკუდებულია თითოეულ ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე; იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს ფუნდამენტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს არის პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ამ გზას ნამდვილად უჭერს მხარს.

ევროკავშირი აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ იჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს აზერბაიჯანთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“. „აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების ზრდა მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე შეფერხებებისა და ფასების ზრდის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისარმა.

დანია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად გაზის მოპოვებას ზრდის

დანია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ბუნებრივი გაზის მოპოვებასა და განახლებადი ენერგიის მიწოდებას გაზრდის.  ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა. „ჩვენ გავზრდით ბუნებრივი აირის მოპოვებას ჩრდილოეთის ზღვაში. დარწმუნებულები ვართ, რომ სჯობს მოვიპოვოთ გაზი ჩრდილოეთის ზღვაში, ვიდრე რესურსი ვლადიმერ პუტინისგან ვიყიდოთ“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, დანიას აქვს შესაძლებლობა რუსული გაზისგან დამოუკიდებელ ქვეყნად იქცეს, ჩრდილოეთის ზღვიდან გაზის ტრანზიტის გაზრდის შედეგად. „რადგან ჩვენ ვართ ევროპის გაზის ქსელის წევრი, ასევე საჭიროა, რომ სხვა ქვეყნებმაც მოიპოვონ ენერგოდამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ფრედერიქსონმა. დანიის ხელისუფლებამ ასევე წარმოადგინა ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის [ქარი, მზე] წყაროების ზრდის გეგმა, რომლის მიზანიცაა ენერგოიმპორტის ჩანაცვლება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო Reuters: ბრიტანეთი ევროპას უფრო მეტ გაზს მიაწვდის

დავით ნარმანია: ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

"ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის", - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ნარმანიამ. ამასთან, ნარმანიამ ისაუბრა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე.  „მისასალმებელია ის, რომ გამოცდილი ევროპული კომპანია შემოვიდა GWP-ის წილში და შესაბამისად, ამ კომპანიის გამოცდებით და ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელი იქნება მეტად მოწესრიგდეს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. მოსმენები მარეგულირებელ კომისიაში პერიოდულად მიმდინარეობს, ვუსმენთ GWP-ის, ისევე, როგორც სხვა კომპანიებს. ვაძლევთ მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ კიდეც სანქცირების მექანიზმებს. მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მივყვებით“, - განაცხადა ნარმანიამ.  

რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით

„დღეს ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საკვანძო პარტნიორია ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსულ წიაღისეულ საწვავს”, - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაა, რომელიც 18 ივლისს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორი, აზერბაიჯანი აირჩია ერთ-ერთ ალტერნატივად. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს, ამის გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტთან შეეცადა.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გია არაბიძე ამბობს, რომ თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. „ერთი კუბური მეტრით მეტი გაზიც რომ გავიდეს საქართველოზე, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდ სარგებელს მოიტანს. განსაკუთრებით ახლა, ამ პერიოდში, როცა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ნახევარი მილიონი კუბური მეტრი გაზი წლიურად, შეღავათიან ფასში უნდა მივიღოთ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან, რამდენიმე წელიწადში ვადა უმთავრდება. ინფორმაციისთვის, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება. სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სიგრძე აზერბაიჯანსა და საქართველოს მონაკვეთზე 691 კმ-ს შეადგენს, საქართველოს მონაკვეთზე კი მისი სიგრძე 249 კმ-ია. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმთან ადგილობრივი გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს. SCP-ის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. მილსადენით საქართველომ გაზი 2007 წლის დასაწყისში მიიღო. საქართველოს ტერიტორიაზე SCP-ი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მეტწილად საერთო დერეფანში არის მოქცეული. პროექტის ღირებულებამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მილსადენი კონსორციუმის საკუთრებაა, რომელშიც BP, Statoil, SOCAR, LukOil, NICO, Total და TPAO მონაწილეობენ. BP-ი პროექტის ტექნიკური, Statoil-ი კი - კომერციული ოპერატორია. განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულებისა და სრული წარმადობით ამუშავების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 21-24 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს. გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო არის არა მარტო სატრანზიტო, არამედ ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანა. საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-მდე მოცულობა შეისყიდოს შეღავათიან ფასად. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის. პროექტის პარტნიორები: BP, SOCAR, Statoil, LukOil, NICO, Total, TPAO. ამიტომ, 500 მლნ კუბური მეტრი გაზის ამოღება ჩვენი ბალანსიდან გარკვეულ პრობლემას შექმნის ტარიფებთან დაკავშირებით - ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტია - თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], ეს ძალიან კარგ ამინდს შექმნის ჩვენთან, რომ შევძლოთ ჩვენი მაღალეფექტიანი თბოელექტროსადგურების დატვირთვა და ელექტროენერგიის იმპორტი შევამციროთ. აზერბაიჯანი ამბობს, რომ შეძლებს სადღაც 30 მილიარდამდე ავიდეს, ეს ძალიან კარგი ციფრია და თუ ყაზახეთიც და თურქმენეთიც ჩაებმებიან, რასაც სერიოზული ინვესტიციების სჭირდება, მაშინ, ევროპაც და ჩვენც დიდ სარგებელს მივიღებთ და იმპორტირებული გაზის პრობლემა გადაგვეჭრება. 90-იან წლებში ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ ევროპელებს, რუსეთს არ მინდობოდნენ და ნაბუქოს სქემა განხორციელებულიყო, მათ ამხელა პრობლემა არ ექნებოდათ და ევროპის გაზით მომარაგების საკითხი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ნაბუქო ვერ „დაიქოქა“ და აზერბაიჯანი-თურქეთის ხაზი გაკეთდა, რომელმაც საქართველოზე გაიარა“. ინფორმაციისთვის „ნაბუქო“ (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. ენერგეტიკოსის ვარაუდით, „ახლო მომავალში მძლავრი, ალტერნატიული ქსელის შექმნაზე სერიოზული ფიქრი დაიწყება“. „გერმანია ამბობს, მომიტანეთ გაზი ჩემს საზღვრამდე და მოგცემთ იმაზე მეტს, რასაც რუსეთს ვუხდი. ეს რეალობას მოკლებულია, რადგან ვერც ჩვენ, ვერც აზერბაიჯანი და თურქმენეთი ვერ ვიშოვით იმდენ ფულს, რომ თურქმენეთი ჩავრთოთ, ახალი ხაზი გავხსნათ და გერმანიამდე მივიდეთ. თუმცა უნდათ თუ არ უნდათ, ახლო მომავალში დაიწყება სერიოზული ფიქრი მძლავრი, ალტერნატიული ქსელის გაკეთებაზე, რასაც ბუნებრივია, დიდი დრო და სახსრები დასჭირდება. ჩვენი ტერიტორიის გარეშე ეს პროექტი არ განხორციელდება, არ მგონია, რომ სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობა ისეთ დონეზ დათბეს, რომ ახალი მარშრუტი მოიძებნოს - აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი და მერე ევროპის გაზსადენი. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ BP-სთან, აზერბაიჯანთან და საქართველოს არ შეუქმნია პრობლემა ამ გაზსადენის მუშაობის დროს. გაზის რაოდენობის გატარებასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავაუმჯობესოთ არსებული ინფრასტრუქტურა. საჭირო იქნება საკომპრესორო სადგურებიც დამატება, რაშიც საქართველო ალბათ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“, - ამბობს Europetime-თან გია არაბიძე.  ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა ცნობისთვის, 2007 წლიდან გაზის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანია. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, 2012 წლიდან 2022 წლის I კვარტლის ჩათვლით, საქართველოს მიერ ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტზე ჯამურ დანახარჯებზე დაკვირვებით საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია. საქართველოსთვის ძირითადი ენერგეტიკული პროდუქტების მთავარი ექსპორტიორია აზერბაიჯანი და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთი. გაზის იმპორტი ყველაზე ნაკლებად არის დივერსიფიცირებული სხვა ენერგო პროდუქტებთან შედარებით, გაზის 82% იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და 16% - რუსეთიდან. შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს, არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. როგორც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ Telegram-ზე წერს, ლატვიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების მიზეზი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებია. ცნობისთვის, ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ მოსკოვი ენერგორესურსებს შანტჟისთვის იყენებს. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.  21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.  ამასთან, რუსულმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა პოლონეთში, ბულგარეთში, ფინეთში, დანიასა და ნიდერლანდებში. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზად დასახელდა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე უარი განაცხადეს. ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.   ასევე წაიკითხეთ: ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

„თურქმენგაზი“ თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებას ზრდის

Turkmengas State Concern-მა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოება (იანვარ-ივნისის პერიოდი) გაზარდა. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან წარმოებული პროდუქციის უმეტესობა ექსპორტირებულია ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 59400 ტონა LNG აწარმოა. წარმოების ზრდის ტემპმა 31,2 პროცენტი შეადგინა. თურქმენეთი ნავთობისა და გაზის მარაგების მხრივ, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა. ახლახან აღმოჩენილი გაზის საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად, მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა. ამავდროულად, ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი ქარხნების შექმნას, ასევე ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტს.  

დრაგის თქმით, იტალიამ ზამთრის წინ ბუნებრივი აირის მარაგის 80% დააგროვა

იტალიის სწრაფვამ, შეემცირებინა თავისი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ გაზზე, ქვეყანა ნაკლებად დაუცველი გახადა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ზამთრამდე დააგროვა თავისი გაზის მარაგის 80 პროცენტი და უკვე 90 პროცენტს მიაღწევს. დრაგიმ დაამატა, რომ იტალიამ რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულება გასულ წელს დაახლოებით, 40 პროცენტამდე შეამცირა.  მისი თქმით, იტალია რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელი შეიძლება, 2024 წლის შემოდგომაზე გახდეს, თუკი ორ ახალ რეგაზიფიკაციის ქარხანას აამუშავებს. იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა ივლისში. ის თანამდებობაზე 25 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე რჩება.  

კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC

რუსეთმა ევროპისთვის ჩრდილოეთ ნაკადის მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება შეწყვიტა. კომპანია „გაზპრომი“ ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოზე მიუთითებს და ამბობს, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება.  თუმცა ევროკავშირი გაზპრომს სანდო მიმწოდებლად აღარ თვლის და ცივი ზამთრისთვის მომზადებას ჩქარობს. ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა გაზის საცავების 80% დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე შეავსო „აშკარაა, რომ რუსეთი გაზს იარაღად იყენებს ამ ომში. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაზის სრული შეწყვეტის ყველაზე უარესი სცენარისთვის", - განაცხადა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა აგნეს პანიერ-რუნაშემ სამშაბათს რადიო France Inter-ის ეთერში. მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ მოახლოებულ ზამთარში ენერგოდეფიციტის პირობებში ენერგიის მოხმარება უნდა შემცდირდეს. ომამდე რუსული იმპორტი ევროპაში დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. ახლა ეს წილი 25%-მდე შემცირდა, ვინაიდან მიმდინარე მიწოდება არ აღემატება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალო მოცულობის მესამედს. „რუსული გაზის სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია. ბაზარზე უბრალოდ არ არის უფასო ნედლეული: ყველა არსებული ალტერნატიული მიმწოდებელი, როგორიცაა კატარი, ნორვეგია ან აშშ, ვერ ახერხებენ, სწრაფად გაზარდონ წარმოება. მაშინაც კი, თუ მილიარდები ჩაიდება ახალი საბადოების განვითარებაში, კომერციული წარმოება სავარაუდოდ, 10-15 წელიწადში დაიწყება“, - წერს BBC. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ქვეყნებმა მიწისქვეშა გაზის საწყობების მარაგების ვადაზე ადრე შევსება მოახერხეს. ახლა ისინი შარშანდელ მაჩვენებელს მეოთხედით აღემატება და ზოგადად თითქმის 80%-ით არის სავსე. ევროკომისიის საგაზაფხულო გეგმა გადამეტებით შესრულდა. ამჟამინდელი რეზერვები მხოლოდ შედარებით ნაკლებად ცივი ზამთრისთვის იქნება საკმარისი და მალევე დადგება მომავალი ზამთრისთვის საწყობების შევსების საკითხი. ევროპელებს დიდი ხანია სჯერა, რომ კრემლი ნებისმიერი საბაბით სრული გათიშვისთვის ემზადება. გაზპრომის გულწრფელობის არც ბრიუგელის კვლევითი ცენტრის ეკონომისტს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს სჯერა. მისი აზრით, მთავარი სცენარი რუსული გაზის მიწოდების ნულამდე შემცირებაა. მომზადებულია BBC-ის მიხედვით

დავით ნარმანია: ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის

"ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთრის სეზონს, როგორც ელექტროენერგიით უზრუნველყოფით, ასევე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ნაწილში - ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის", - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, ელექტროენერგეტიკის სექტორში, საქართველოში წელს გამომუშავება თითქმის 10%-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. "სექტემბრის დეფიციტი აზერბაიჯანიდან შემოტანილი ელექტროენერგიის ხარჯზე დაიფარა როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის. ასე რომ, იმპორტიორ ქვეყნად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. იმპორტი რუსეთიდან არ ხორციელდება, რადგან არ გვჭირდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მცირე მოცულობით ხდება შემოტანა, ისიც სისტემის დაბალანსებისთვის, ანუ ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა 90%-ზე მეტი ყოველწლიურად კვლავაც აზერბაიჯანიდან შემოდის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი შეთანხმება გვაქვს, გაზის მიწოდებაზე რაიმე სახის საფრთხე, როგორც ფიზიკური მოცულობის დეფიციტის, ასევე ფასების ზრდის კუთხით, არ გვაქვს“, - განაცხადა ნარმანიამ.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება

ერდოღანის თქმით, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვედრაზე გაზის საკითხზე კონსენსუსამდე მივიდნენ. ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ანკარაში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ შევქმნით რუსული გაზის ჰაბს თურქეთში. თავად პუტინმა თქვა, რომ ევროპას შეუძლია გაზის შეძენა თურქეთის გავლით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, დღეს ევროპის ქვეყნები აქტიურად ეძებენ გაზის შესყიდვის გზებს, თურქეთს კი მსგავსი პრობლემები არ აქვს. ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

დენის შმიგალი: უკრაინის მიწისქვეშა საცავებში საკმარისი გაზია გათბობის სეზონისთვის

უკრაინის მიწისქვეშა გაზსაწყობებში არის დაახლოებით 14,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის გადასატანად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ რუსული ჯარები მეორე კვირაა, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს ურტყამენ, მაგრამ ენერგოსისტემის გატეხვა მაინც ვერ შეძლეს. „მიუხედავად დაბომბვისა, უკრაინაში გათბობის სეზონი დაიწყო,. გათბობა უკვე მიეწოდება ქალაქების უმეტესობას. ჩვენ ამჟამად გვაქვს დაახლოებით 14,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ჩვენს გაზის საცავებში, რაც აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის გადასატანად", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. „ენერგეტიკის მუშაკები მუშაობენ 24/7-ზე. ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა, რათა სარემონტო სამუშაო დაჩქარდეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ელექტროენერგიის დაზოგვა", - განაცხადა შმიგალმა. რუსეთმა 10-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით დააზიანა 400-ზე მეტი ობიექტი უკრაინის 16 რეგიონში, მათ შორის არის ათობით ენერგეტიკული ობიექტი.  

ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით - ნარმანია

ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. „ვინაიდან მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება სამწლიანი სატარიფო ვადა, მარეგულირებელ კომისიას უწევს ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ. ასევე წაიკითხეთ: ოთარ შამუგია: ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პური მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს  

ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა - სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. სემკის ინფორმაციით, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იგივე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ. „დღეს, ბუნებრივი გაზის კომუნალურ კომპანიებს დავუდგინეთ ტარიფები მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე შევძელით, რომ არ გაზრდილიყო ტარიფები. ტარიფების შენარჩუნება განაპირობა სახელმწიფოს თანამონაწილეობამ სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში, ასევე გავლენა იქონია ლარის კურსის სტაბილურობამ. ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია საინვესტიციო კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება გაგრძელდება, მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით პრობლემა არც მომდევნო წლებში შეექმნება. მოგეხსენებათ, საქართველოს გაზის მოხმარების 99% კმაყოფილდება აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით, რომლის მოწოდებაც გამყარებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით. სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მოთხოვნა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. კომისიას მიაჩნია, რომ ნამდვილად იმსახურებს ხელფასების მატებას პერსონალი, რომლებსაც რთულ პირობებში უწევს მუშაობა. მინდა მივმართო კომპანიებს და გავაფრთხილო, რომ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი დროული რეაგირება ავარიების სწრაფად აღმოფხვრისა და მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. აქვე, ვაფრთხილებ კომპანიებს, მარეგულირებელი კომისია იქნება ძალიან მკაცრი თუ მათი მხრიდან ადგილი ექნება მომხმარებელთა უფლებების დარღვევას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სემეკის ინფორმაციით, ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე - 2023 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“. 12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა 2023-2027 წლებისთვის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფზე. გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირდა გაზის ტრანსპორტირების ტარიფი. კერძოდ, მოქმედი 1,895 თეთრი/მ3-ის ნაცვლად მომდევნო წლებისთვის ტარიფი განისაზღვრა 1,583 თეთრი/მ3-ით.  

რუმინეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების შესახებ ახალი ხელშეკრულება ამოქმედდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და რუმინულ Romgaz S.A-ს შორის 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე რუმინეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა. შეთანხმება აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის ერთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდების შესახებ, 3 თებერვალს, ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომის ფარგლებში გაფორმდა. ამ ხელმოწერით SOCAR-სა და Romgaz S.A-ს შორის 2022 წლის 19 ოქტომბერსა და 16 დეკემბერს შორის გაფორმებული დოკუმენტების ქმედითობა გაგრძელდა. იმჟამინდელი შეთანხმება 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას ითვალისწინებდა. მიწოდების დღიური მოცულობა 4,2 მილიონ კუბურ მეტრამდე იყო.   

„თბილისი ენერჯი“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულებას ამცირებს

შპს „თბილისი ენერჯი“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულებას ამცირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. „კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. გამომდინარე აქედან, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. აქვე, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე,“ – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.  

ერევანი მზადაა, ბაქოდან ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილოს

ერევანი მზადაა, აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვის საკითხი განიხილოს. შესაბამისი განცხადება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა გააკეთა. მის კომენტარს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „დადებითად მიმაჩნია, თუ სომხეთი აზერბაიჯანიდან გაზს იყიდის, ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე. ახლაც, გაზის ნაწილი, რომელსაც რუსეთის ფედერაციიდან ვყიდულობთ, არის აზერბაიჯანული," - განაცხადა სიმონიანმა. სომხეთს შეუძლია, კვლავ შეიძინოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ. ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკოპ ვარდანიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, გასული წლის ოქტომბერში განაცხადა.